გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში, მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.
1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.
ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "
არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.
გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.