“ჩემი ოცნება ასრულდა – მე დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას. უკვე სამუდამოდ. მადლობელი ვარ ბედის, თოჯინების და იმ პატარა კოლექტივის, რომელიც დაშარიშურობს ძველი შენობის კუნჭულებში!“
რეზო გაბრიაძე
გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს. ის 1981 წელს რეზო გაბრიაძემ ააშენა და სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრი ქალაქის უძველეს ტაძარს – VI საუკუნეში აგებულ ანჩისხატის ბაზილიკას ემეზობლება.
რეჟისორი, დრამატურგი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე თავად წერს პიესებს, ქმნის თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებს.
არსებობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა – ავინიოში, ედინბურგში, ნიუ იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, დრეზდენში, მოსკოვში და სხვა ქალაქებში.
გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ოთხი სპექტაკლია: „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“, „რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სალაროში 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და საიტზე www.biletebi.ge
თეატრის ფასადზე ოქროს ასოებით დაწერილია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს ააშენა.
კოშკის მარჯვნივ არის შესასვლელი თეატრალურ კაფეში „გაბრიაძე“. ზაფხულის თვეებში კაფესთან იხსნება მყუდრო ტერასა.
“გაბრიაძე საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. როდესაც 10 წლის წინ პირველად ვიყავი თბილისში მაშინ ვნახე “სტალინგრადი” და ერთი ნახვით შემიყვარდა. შემიყვანეს ძველ შენობაში, სადაც აღფრთოვანებული შევცქეროდი თუ როგორ გადაადგილდებოდნენ გაბრიაძის სათამაშო ტანკები შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე. ეს დაუვიწყარი იყო…”
The New York Times
“რეზო გაბრიაძე – თბილისის ანგელოზია. “თაყვანი უნდა ვცეთ პუბლიკას და პატივი ვცეთ თოჯინებს, რომლებთაც არ სიამოვნებთ, როდესაც უპატივცემულოდ ექცევიან” – ამბობს ის. განა, არის ვინმე, ვინც შეიძლება არ დაეთანხმოს ამას? რა თქმა უნდა-არა! მითუმეტეს ის ხალხი, რომელიც სპექტაკლის შემდეგ იკრიბება სცენასთან ბორიასა და მისი მეგობრების სანახავად, თითქოს არ სჯერა, რომ ეს პატარა, თოკებზე დაკიდებული არსებები ღამე მარტო რჩებიან ცარიელ დარბაზში.”
Le Monde