ბილეთები,მაისი

რამონა


ავტორისგან

კიპლინგს ეკუთვნის ერთი შთამაგონებელი ფრაზა: “ლოკომოტივი ადამიანის ყველაზე მგრძნობიარე ქმნილებაა!”
ჩემს მეხსიერებაში უეცრად გაიღვიძა ერთმა თბილმა და მივიწყებულმა სიტყვამ: ორთქლმავალი! ეს არსება ორთქლის ღრუბლებით სუნთქავდა, ხრინწიანი საყვირით გვეხმიანებოდა და ნესტიან ამინდშიც ქვანახშირის მშრალი სუნი ასდიოდა. ორთქლმავლის ხსენებამ კიდევ ერთ ბედნიერ მოგონებასთან მიმიყვანა – მოხეტიალე ცირკი, ჩემი ბავშვობის შაპიტო, რომელშიც ბრეზენტის, ნახერხის და ნეხვის სუნი ტრიალებდა. ასე შეხვდა ერთმანეთს ეს ორი საყვარელი და სამუდამოდ ჩავლილი სახე-მოტივი: ორთქლმავალი და შაპიტო! მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა შეგრძნება სამოთხისა, რომელშიც დაუმსახურებლად აღმოვჩნდი და საიდანაც ცხოვრებამ გამომაძევა…

რეზო გაბრიაძე

სპექტაკლის შესახებ

„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.

პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძე

ხანგრძლივობა: 60 წუთი
პრემიერა: 2013 წლის 8 იანვარი, ქ.თბილისი
როლებს ახმოვანებენ:
რამონა – ნინო კასრაძე
ერმონ – ზაზა პაპუაშვილი
ბაბახიდი – ალექსეი კოლგანი
სამარკანდსკი – რომან კარცევი
ქეთო – რუსუდან ბოლქვაძე
ვიქტორი – ზაზა პაპუაშვილი
ოლღა – ნინო არსენიშვილი
ბეგლარი – რუსლან მიქაბერიძე
მოხუცი – რეზო თავართქილაძე
ბოშა – ნანა შონია
ჯამბაზები უიმე და ვაიმე – დენის სურნოვი
მილიციონერი – დავით დვალიშვილი
გლეხი – ბადრი გვაზავა
ანიმატორები:
თამარ ამირეჯიბი, ბადრი გვაზავა,
ირაკლი შარაშიძე, ვლადიმერ მელცერი,
ანა ნიჟარაძე, ნინო საჯაია

თოჯინების და დეკორაციების
შემსრულებლები:
ვიქტორ პლატონოვი, ლუკა გონაშვილი, ალექსანდრე ხეიმანოვსკი, გელა ჯანგირაშვილი, ალექსანდრა ლუნიაკოვა, ოლეგ ერმოლაევი, სვეტლანა პავლოვა, გიორგი გიორგობიანი, ლევან კიკნაველიძე, არტემ ოზეროვი, ავთანდილ გონაშვილი, თამარ ჩალაური, თამარ კობახიძე, ნანა ჭეჟია

ყველა უფლება დაცულია © 2013-2016 მასალების კოპირება აკრძალულია!!