კაფე

“… იქ ყოველთვის იხალებოდეს ყავის ერთი მარცვალი, ისე, რომ მისი სურნელი მთელ თეატრში ტრიალებდეს…”

რეზო გაბრიაძე

1996 წელს გაბრიაძის თეატრთან გაიხსნა კაფე “არ იდარდო!”, რომელიც თავიდან სულ ერთ პატარა ოთახში იყო განთავსებული.
მას შემდეგ კაფემ მიიღო სახელწოდება “გაბრიაძის კაფე” და სამ ოთახამდე გაიზარდა. ზაფხულის თვეებში კი, კაფესთან მყუდრო ტერასა იხსნება. კაფეს ინტერიერი მთლიანად რეზო გაბრიაძის მიერ არის შექმნილი – ნახატები და აფიშები კედლებზე, სკულპტურული კომპოზიციები, კერამიკა, მაგიდები, სკამები და ფარდებიც კი მისი ესკიზების მიხედვით არის დამზადებული.
კაფეს შესასვლელში სტუმრებს ბრინჯაოს “ჩიჟიკ-პიჟიკი” ხვდება, რომელიც პეტერბუგრში ფონტანკაზე არსებული ქანდაკების ასლს წარმოადგენს. ამბობენ, რომ მის თავზე ხელის გადასმას წარმატება მოაქვს. მარცხნივ, კედელში სააღდგომო ნიშაა განთავსებული, რომელიც ფერადი კერამიკით არის მოპირკეთებული.
ბარის დგარს ამშვენებს ფილმ “არ იდარდოს!” მოტივებზე შექმნილი კერამიკული პანო. თაროებზე კი, ქართული ღვინის ბოთლებია განთავსებული, რომელთა ეტიკეტები რეზო გაბრიაძემ თავად დახატა. ყველა მაგიდა და სკამი ასევე გაბრიაძის მიერ ხელით არის მოხატული, მისი ფილმებისა და სპექტაკლების – “ქინ-ძა-ძა”, “მიმინო”, “შერეკილები”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” სიუჟეტებისა და პოპულარული ფრაზების მიხედვით. აქვე არის მაგიდა შეყვარებულებისთვის, რომელსაც გულის ფორმა აქვს.
კაფეში ტრადიციული ქართული სამზარეულოსა და ქართული ღვინოების დიდი არჩევანია.

ყველა უფლება დაცულია © 2013-2016 მასალების კოპირება აკრძალულია!!